ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით. ბალეტის ფესვები ხალხურ ცეკვაშია. მან ჩამოყალიბება დაიწყო მე–16 საუკუნეში ევროპაში. უმეტეს წილად ბალეტს საფუძვლად უდევს რაიმე სიუჟეტი, დრამატურგიული ჩანაფიქრი, ლიბრეტო, მაგრამ არის საბალეტო წარმოდგენები სიუჟეტების გარეშეც. საბალეტო ცეკვის ძირითადი სახეობებია კლასიკური და სახასიათო.
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას. რუსეთის იმპერიაში ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის საქართველოშიც გავრცელდა.